საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები პოლიტიკური თამაშის იარაღი არავის ხელში აღარ იქნება.
ეს განცხადება ალასანიამ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის, ირაკლი ძნელაძის წარდგენისას გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის დანიშვნა უმცირესობისა და უმრავლესობის ერთობლივი თანამშრომლობის პოზიტიური შედეგია.
„ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შერჩეული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, ბუნებრივია ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის პოზიტიური ნაბიჯია. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს არავის ხელში პოლიტიკური თამაშის იარაღი არ იქნება. მიუხედავად რიგ საკითხებზე, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობისა და ოპოზიციის განსხვავებული მოსაზრებებისა, ქართული არმია, ქართული ჯარი არის ის, რასაც ორივე პოლიტიკური ძალა სიამაყით აფასებს.
მე დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენ დავუმტკიცებთ ყველას, რომ ფუნდამენტალურად დემოკრატიული საზოგადოება ვართ, სწორედ ამ წარმატებაზე უნდა ავაშენოთ ძლიერი გაერთიანებული სახელმწფო და დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში. საქართველოს შეიარაღებული ძალები უდრეკად მიდის ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ჩვენ ვიყავით რამდენიმე კვირის წინ ავღანეთში, შეხვედრები გვქონდა ჩვენს ჯარისკაცებთან. ესეც ერთ-ერთი ძალიან დიდი წვლილია, რომელიც ამ პატარა ქვეყანის საქართველოს, გლობალურ უსაფრთხოებაში და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში შეაქვთ“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

















