საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა, 
ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის #7 დაწესებულების არაგეგმიური მონიტორინგი განახორციელეს. 
ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
მონიტორინგის დროს მოხდა გასაუბრება დაწესებულებაში განთავსებულ ყველა პატიმართან და დაწესებულების ადმინისტრაციასთან. ამასთანავე, დათვალიერდა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და შეფასდა საცხოვრებელი პირობები.
„#7 დაწესებულებაში ძირითადად განთავსებულები არიან ე.წ. „კანონიერი ქურდები“ და კრიმინალური ავოტორიტეტები. აღნიშნული საბაბით დაწესებულებაში წლების მანძილზე მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი და მრავალრიცხოვანი, ხშირად გაუმართლებელი აკრძალვები და შეზღუდვები. სწორედ ამ მიზეზით არ ხდება აქ განთავსებული მსჯავრდებულების გადაყვანა სხვა დაწესებულებაში და ისინი წლების მანძილზე დახურულ სისტემაში იხდიან სასჯელს.
მონიტორინგის დროისთვის დაწესებულებაში განთავსებული იყო 35 მსჯავრდებული, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ ცხრამეტ საკანში“ - ნატქვამია სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში.. 
მათივე ცნობით, დაწესებულების ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში პატიმართა მხრიდან რაიმე სერიოზული ხასიათის უკმაყოფილებას ადგილი არ ჰქონია და დაწესებულება  ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
მსჯავრდებულების განცხადებით, კი წინა წლებთან შედარებით მათ მიმართ მოპყრობა ადმინისტრაციის მხრიდან საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
ამასთანავე, მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ გარემოების გამო, რომ ისინი წლების განმავლობაში #7 დაწესებულებაში არიან განთავსებულნი. მეტიც, მათი თქმით, ეს წარმოადგენს მათ მთავარ პრობლემას, ვინაიდან დაწესებულების პირობები არ არის ადაპტირებული გრძელვადიანი განთავსებისთვის - საკნები არის პატარა ზომის, არ აქვს ნორმალური ზომის ფანჯარა, რაც ვერ უზრუნველყოფს საკნის ბუნებრივ განათებას და ნორმალურ ვენტილაციას. ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მსჯავრდებულები გამოთქვამენ სურვილს, გადაყვანილი იქნენ ისეთ დაწესებულებაში, სადაც იქნება უკეთესი საცხოვრებელი პირობები და აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი იქნება შემცირებული. 
„ამავდროულად, დღემდე მოუგვარებელია რიგი საკითხებისა, რაც პრობლემატური იყო წლების განმავლობაში, კერძოდ, მსჯავრდებულებს კვლავ არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელევიზორებით (საკნებში არსებული ტელევიზორები შეერთებულია DVD-ზე და მათ შესაძლებლობა აქვთ, უყურონ მხოლოდ ოჯახის მიერ მოტანილ შემეცნებით და გასართობ გადაცემებს. ამასთანავე, ყველა საკანი უყურებს ერთი და იმავე ჩანაწერს), მხოლოდ ფოსტის საშუალებით შეუძლიათ, მიიღონ ჟურნალ-გაზეთები, ხოლო უკანასკნელ ხანებში საერთოდ აიკრძალა სპორტული პრესის მიწოდება. ამავდროულად, მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ ფოსტის საშუალებით პრესის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ რუსთავის და თბილისის ერთი საფოსტო განყოფილებიდან (რაიონულ საფოსტო ცენტრებში მისულ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ მათ აღნიშნულის შესახებ ბრძანება არ მისვლიათ), რაც დამატებით პრობლემას უქმნის პატიმართა ოჯახის წევრებს. 
დღემდე მოუგვარებელი რჩება ამანათით ან თუნდაც ფოსტით თბილი ქურთუკების ან ჟილეტების მიწოდების საკითხი. მსჯავრდებულების თქმით, მათთვის გაურკვეველია აღნიშნული აკრძალვა და კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული შეზღუდვა განპირობებულია აკრძალული ნივთის შეტანის მოსალოდნელი საფრთხის გამო, რადგან მსგავსი ფაქტი #7 დაწესებულებაში წლების მანძილზე არ მომხდარა. 
მსჯავრდებულებისთვის კვლავ კანონით არის აკრძალული გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობა და მეტიც, მოკლევადიანი პაემნებიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს შუშიანი ტიხრის და ტელეფონის მეშვეობით, თვეში ერთხელ, თითო საათით. 
კვლავ პრობლემატურია ტელეფონით სარგებლობა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ტელეფონით კანონით დადგენილი წესით თვეში ორჯერ 15 წუთით, მათ მხოლოდ ორ ნომერზე შეუძლიათ ზარის განხორციელება. პატიმრებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ სატელეფონო ზარები საზღვარგარეთ“ - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში..   
სპეციალური პრევენციული ჯგუფი მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












