შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირები დააკავა                            
    
													                            
                                16:41 05.12.2012                            
                        
                
                    
                             
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ინტერპოლით ძებნილი ორი პირი დააკავეს. 
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერპოლის თბილისის ეროვნული ცენტრალური ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვიქტორია ივანოვა თბილისში მიმდინარე წლის 4 დეკემბერს დააკავეს.
1964 წელს დაბადებული  ვიქტორია ივანოვა, კიევის ინტერპოლის მიერ, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების მითვისება-გაფლანგვის ან დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, 2011 წლის 28 აპრილიდან   საერთაშორისო ძებნა-დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით იძებნებოდა.
დაკავებულია აგრეთვე, ტაშკენტის ინტერპოლის მიერ, ტრეფიკინგთან დაკავშირებით, 2012 წლის 30 ივლისიდან, ლურჯი ცირკულარით ძებნილი, 1975 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე სოჯიდაჰონ რუზიმატოვა.
ს.რუზიმატოვამ, ნამანგანის რეგიონში ადამიანების ტრეფიკინგის მიზნით, მოტყუებით  დაიქირავა უზბეკი გოგონები, დაპირდა მათ მაღალანაზღაურებად სამუშაოს, ჩაიყვანა ისინი თურქეთში, ქალაქ კონიაში, სადაც სასტუმრო "ბაკში" დააბინავა.
 დაზარალებულების კონტროლის მიზნით, რუზიმატოვამ, დაუდგენელ პირთა დახმარებით,  მათ პასპორტები და გამომუშავებული ფული ჩამოართვა. 2011 წელს, ივლისიდან დეკემბრამდე დამნაშავე ქალბატონი  მოტყუებული გოგონების სექსუალურ ექსპლუატაციას  ახდენდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, აღნიშნულმა პიროვნებამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტ "სარფის" გავლით გადმოკვეთა.  საქართველოში ს.რუზიმატოვას შემოსვლის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ტაშკენტის ინტერპოლს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 30 ნოემბერს, ტაშკენტის ინტერპოლმა ძებნილი პირის დაკავებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტი და შუამდგომლობა გამოაგზავნა. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ს.რუზიმატოვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის მიმართულებით კვეთის დროს დააკავეს და  „აჭარა-გურიის" დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა.