საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დღეს პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდა. 
შეხვედრას წინ, პანკისის ხეობის  ჩეჩენი მოსახლეობის მიერ,  იუსტიციის სამინისტროსთან, ახმედ ჩატაევის  პატიმრობიდან  გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია უძღოდა. 
თეა წულუკიანმა აქციის მონაწილეებს, ჩატაევთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოსა და იუსტიციის სამინისტროს პოზიცია განუმარტა.
მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ უარი თქვა ახმედ ჩატაევის რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემაზე და ეს იუსტიციის სამინისტროს პრინციპული პოზიციაა. წულუკიანმა წარსულში განხორციელებული ექსტრადიციის შედეგებიც გაიხსენა, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ, 2002 წელს გადაცემული ხუთი ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მინისტრმა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემული ორი ჩეჩენიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ტრადიაცია საქართველოში უნდა დასრულდეს:
„რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით, ერთადერთი გარანტია, რომელიც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ ახმედ ჩატაევის და ნებისმიერი სხვა პირის საქმე დასრულდება იმ შედეგით, რომელიც გამომდინარეობს მხოლოდ რეალური მტკიცებულებებიდან და წარიმართება სამართლიანობის პრინციპის დაცვით. მინდა პანკისის მოსახლეობამ იცოდეს - საქართველოს იუსტიციის მინისტრის, მთავრობის სხვა წევრების  და  საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახით, მათ ჰყავთ გულშემატკივრები საქართველოს ხელისუფლებაში“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












