,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
მათი თქმით, კუბლაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  „ვისაც მუშაობა სურს იმუშაოს თუ არადა განთავისუფლებული  სასამართლოს მანდატურების გზას გაუყვესო“. 
,,ეს არის აღიარება კუბლაშვილის მხრიდან, რომ ყოველი სასამართლო პროცესი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინტერსში შედის, წინასწარ არის გადაწყვეტილი.  ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი თუ, როგორ ერევა სასამართლოს საქმეებში უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე.  დღეს სასამართლოს სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობით, მოსამართლიდან დაწყებული მანდატურით დამთავრებული ყველა შეწუხებულია და პროტესტს გამოთქვამს, კუბლაშვილი კი თანამშრომლების დაშინების საშუალებით  ცდილობს მორჩილებაში ჰყავდეს სასამართლო კორპუსი’’- აცხადებს გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.
„უფლებადამცველი გაერთიანების“ ხელმძღვანელის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე მამია ფხაკაძემ, სასამართლოს ის  მანდატურები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ უკანონო მოსმენების, პოლიტიკური ზეწოლების, უკანონო ბრძანებების და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამო, სამსახურიდან გაანთავისუფლა. 
მანდატურების სამსახურში აღდგენისა და  ხელფასის განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, თბილისის საქაალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში სარჩელია შესული. მას 13 დეკემბერს, მოსამართლე კობა გოცირიძე განიხილავს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












