რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზისა და  თელავის ქუჩების გარე განათებების დასამონტაჟებლად  ჩატარებული ტენდერების  დროს დაშვებულ დარღვევებზე საუბრობს. 
როგორც სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადეს, ჩატარებული შემოწმების  შედეგად არაერთი დარღვევა გამოვლინდა. 
კონკრეტულად კი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარე განთებების ტენდერის ჩატარების დროს, სატენდერო კომისიამ მხოლოდ შ.პ.ს. „ენერჯი ინვესტ გრუპი“ დაუშვა  შეფასებაზე, ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ 5 ორგანიზაციას, მათი წინადადება მისაღებად  არ ჩაითვალა. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა ისეთ ორგანიზაციასთან („ენერჯი ინვესტ გრუპი“), რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა ყველა სხვა ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებთან შედარებით გაცილებით მაღალი ფასი. 
რაც შეეხება, თელავის ქუჩების გარე განათებების ბოძების მონტაჟს, სამინისტროს ინფორმაციით,  ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ერთსანათიანი ბოძის ფასი წარმოადგენს 2800, ხოლო ორსანათიანი ბოძის ფასი 3200 ლარს, მაშინ, როცა  ტენდერის მიხედვით თითოეულ ბოძში 6515 ლარი იქნა გადახდილი (ორჯერ მეტი, ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით).  გარდა ამისა, მიუხედავად იმისა რომ სატენდერო დოკუმენტაცია  ექვს ორგანიზაციაზე გაიცა (შპს ”არტესი”, შპს ”სანი”, სს. ”საქენერგორემონტი”, შპს ”ენერგჯი ინვესტ გრუპი”, ”შპს ”ინ-სი” და სს ”ერისიმედი”), სატენდერო წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ  ერთობლივმა საწარმომ სს ”ერისიმედი” და შპს ”ჯავამ” შემოიტანა და შესაბამისად გამარჯვებაც მას მიეკუთვნა.  
მასალები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












