პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს არ გამოიწვიოს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან მიღებული საქმეები. 
„მოვუწოდებთ ახალ ხელისუფლებას არ გამოიწვიონ სტრასბურგის სასამართლოდან საქართველოდან წარმოებაში მიღებული საქმეები, არამედ პირიქით, მოახდინონ აღნიშნულ საქმეთა ანალიზი, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისათვის, რომლებმაც მხოლოდ 1 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს საუბარი საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, თვალნათლივ დაინახონ  ნაციონალური ხელისუფლების პერიოდის საქართველოს ობიექტური რეალობა.
ჩვენი პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც დღემდე ღირსეულად იხდიან სასჯელს, უარს ამბობენ საპატიმროების შეწყალებით დატოვებაზე პოლიტიკური პატიმრის სტატუსის გარეშე, ვინაიდან ისინი არ აღიარებენ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მათ წინააღმდეგ მოგონილ აბსურდულ ბრალდებებს.
„სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიულ მოძრაობის“ არაერთი საქმე უკვე დიდი ხანია წარმოებაში აქვს მიღებული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას და დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა ეს საქმე ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი იმედოვნებს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი  შემდგომ ეტაპად, აუცილებლად განიხილავს იმ ადამიანების პოლიტიკური რეაბილიტაციის საკითხს, რომელთაც ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის საფუძველზე უკვე მოიხადეს სასჯელი.
„რაც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“, მაინც მოხდება საერთაშორისო დონეზე მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველოში პოლიტიკური დევნის არსებობის დადასტურება, რაც აუცილებლად გახდება ქვეყანაში დენაციფიკაციის სამათლებრივი საფუძველი“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












