საქართველოს უზენაესი სასამართლო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მინისტრი სასამართლო ხელისუფლებას კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობისკენ მოუწოდებს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უზენაესი სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ მინისტრის ამ განცხადებას საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელმოწერით ევროპის საბჭოში გაგზავნილი წერილი, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ვენეციის კომისიას სთხოვდა საკუთარი დასკვნა წარმოედგინა იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული  და რომელიც სასამართლო სისტემის სტრუქტურულ რეფორმირებას ითვალისწინებს.
უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული წერილი ევროპის საბჭოში გაიგზავნა ევროპის საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ევროპის საბჭომ, კონკრეტულად კი, ვენეციის კომისიამ, 2005 წლიდან დღემდე  დიდი წვლილი შეიტანა სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში და სწორედ  მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით  დაიხვეწა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდა ჩვენი კანონმდებლობა.
რაც შეეხება, შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობისკენ მოწოდებას. სასამართლო ხელისუფლება მზადაა ასეთი თანამშრომლობისთვის სასამართლო რეფორმის წარმატებით დასრულებისა და მართლმსაჯულების წინაშე წამოჭრილი ახალი გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადასალახად.
ევროპის საბჭო, და კონკრეტულად ვენეციის კომისია,  საქართველოს სახელმწიფოს დიდი ხნის საქმიანი და კეთლგანწყობილი პარტნიორია და სასამართლო ხელისუფლება მომავალშიც კანონისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს ამ ურთიერთობას“ - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












