საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ბოლო დროს ქვეყანაში განხორციელებული დაკავებების პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს.
„მე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სანამ ამ თანამდებობეს ვიკავებთ, ვართ გარანტები იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ რომელიმე პირის პოლიტიკურ დევნას. რა თქმა უნდა შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ თუ შეცდომა იქნა დაშვებული, მისი დამშვებიც კანონის მიხედვით დაისჯება. ჩვენ არ გაგვიჭირდება ვაღიაროთ თუ როდესმე შეცდომას დავუშვებთ, მაგრამ დღეს, რაც კი ბოლო პერიოდში  გახმაურებული სისხლის სამართლებრივი დევნა მომხდარა, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც მე ხელთ მაქვს, არცერთ საქმეზე არ შეიძლება ითქვას, რომ მტკიცებულებების გარეშე განხორციელდა პოლიტიკური დევნა. ერთადერთი საქმე, რომელზეც საზოგადოების მხრიდან დაისვა კითხვები, ეს არის გუნავას დაკავების ფაქტი, ამ საქმით დაინტერესდა იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია და მიმდინარეობს გამოძიება“ - განაცხადა წულუკიანმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












