საქართველოში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში,
დღეს შეთანხმებას "საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ" მოეწერა ხელი.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას ყველა იმ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც საქართველოსა და უნგრეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობებით დასჯადია, სულ მცირე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის ვადით მაინც. 
 
ზემოაღნიშნული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენის, გახსნისა და აღკვეთის მიზნით, შეთანხმების მხარეების სამართალდამცავი ორგანოები კისრულობენ ვალდებულებას, გაცვალონ ოპერატიული ინფორმაცია და მონაცემები, დაეხმარონ ერთმანეთს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული ღონისძიებების განხორციელებაში, ძებნილ პირთა ძებნაში, ითანამშრომლონ პერსონალის ტრენინგისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში, გაცვალონ ექსპერტები, ითანამშრომლონ მოწმეთა დაცვის საკითხში  და სხვა მიმართულებებით.
 
ამასთანავე, საქართველოსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების" საიმპლემენტაციო ოქმს, რომელიც რეადმისიის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების საიმპლემენტაციო დებულებებს განსაზღვრავს და კონკრეტულად საქართველოსა და უნგრეთს შორის აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის დეტალებს არეგულირებს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












