კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების, ნინო ყურუას, მიხეილ ამაშუკელის, კობა ჯაბუას, მიხეილ მესხის და გაგა ამბროლაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
„აღნიშნულ პირებს ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ მასში, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში, ესე იგი საარჩევნო მიზნით პირდაპირ ფულის ან სხვა ქონების შეთავაზება - დაპირებაში, რაც შემდეგში გამოიხატა: მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო‘‘-მ ქ. ქუთაისში 2012 წლის 10 ივნისს დაგეგმა აქცია. მასში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, 2012 წლის 5 ივნისს პარტიის აქტივისტებმა მოსახლეობასთან გამართეს შეხვედრები, რა დროსაც ზემოხსენებული პირები, მოქალაქეებს ბუკლეტების შევსებისა და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით დაპირდნენ 1000 ლარის ფარგლებში, ფულის ან სხვა ქონების გადაცემას. 2012 წლის 27 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მხარემ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, იშუამდგომლა ნ. ყურუას, მ. ამაშუკელის, კ. ჯაბუას, მ. მესხის და გ. ამბროლაძის მიმართ წარდგენილი ბრალდების მოხსნა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, რაც მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს მიერ  საქმის შეწყვეტას იწვევს“ - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ რელიზში. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












