იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების გეგმაზე ისაუბრა.  
„ ამ შემთხვევაში საქმე ეხება აღსრულების ვადებს, რადგან წინა მთავრობა ამ საქმის აღსრულებაზე უარს ამბობდა. ისინი  აცხადებდნენ, რომ მათ უკვე გადაუხადეს ფული გურამ გირგვლიანს და ამით  ყველაფერი დამთავრდა. სინამდვილეში კი,  ჩვენ გვევალება თავიდან გამოვიძიოთ და დავადგინოთ ვინ იყო იმ ოთხი ადამიანის გარდა სასაფლაოზე ასული და იყო თუ არა კავშირი იმ ორ ჯგუფს შორის,  რომელიც  კაფეს შიგნით და კაფეს გარეთ იმყოფებოდნენ.  დამნაშავეების აღმოჩენის შემდეგ კი  უნდა მოხდეს სისხლის სამართლის წესით მათი პასუხისგება.  25 ნოემბერს მე სტრასბურგში წარვადგინე გირგვლიანის განაჩენის აღსრულების გეგმა, სადაც აღწერილია საგამოძიებო მოქმედებების პირველი ტალღა, რომელიც საჭირო იქნება გამოძიების გასაახლებლად.  გეგმაში აგრეთვე მოცემულია მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების ნუსხა. 
ჩვენ ასევე შევიტანთ ცვლილებას პატიმრობის კოდექსში, რომელიც  ერთ საქმეზე ბრალდებული პირების ერთ საკანში ყოფნას აკრძალავს, რაც წინა მთავრობამ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულებთან  დაკავშირებით გააუქმა. ჩვენ ასევე დავდეთ პირობა, რომ გირგვლიანის განაჩენიდან გამომდინარე აუცლებლად მივიღებთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფს გამოძიების მიუკერძოებლობას“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












