კონტროლის პალატა "ქართუ ბანკის" თანამშრომლების ფულადი გადარიცხვებით ისევ ინტერესდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელ ნათია მოგელაძესა და ბანკი "ქართუს" გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ხაინდრავას შორის უკვე დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ, ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართუ" ბანკში თანამშრომლებისთვის ფულის გადარიცხვის დაძალების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
"ეს იყო ბონუსის სახით დარიცხული თანხა და ამ თანხის სადმე გადარიცხვა ბანკის ხელმძღვანელობას თანამშრომლებისთვის არ მოუთხოვია. შეგიძლიათ შეამოწმოთ სხვა ბანკის თანამშრომლების ბონუსები. ჩვენს თანამაშრომლებს ეს პრემიები არ უკვირთ. მსგავსი განცხადებები ჩემი აზრით მათ ზეწოლის ქვეშ გააკეთეს", - განაცხადა ნატო ხაინდრავამ.
მისივე თქმით, პრემიები თანამშრომლებს "ქართუ ბანკში" არსებული სტრესული გარემოს გამო დაურიგდათ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ თანამდებობა "ქართუ ბანკის" ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსმა ზვიად ხუხუნაიშვილმა დატოვა. როგორც ხუხუნაშვილმა განაცხადა, მას ჩარიცხული პრემიის 37 ათასი ლარის საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნებისთვის" შეწირვა მოსთხოვეს.
ნატო ხაინდარავას განცხადებით კი, დღეს ხუხუნაშვილი ბანკში იყო და მუშაობდა.

















