საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება,   
რომლის დროსაც სამინისტროს ბადრაგის სამსახურის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. 
„ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ სამი პატიმარი იქნა გადაყვანილი, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული ჰქონდათ. პატიმრები არ დაემორჩილნენ მკურნალობის რეჟიმს, მოუვიდათ კონფლიქტი ერთმანეთში, რა დროსაც თვითდაზიანებები მიიყენეს. კონფლიქტი აღკვეთილ იქნა, თუმცა ამავდროულად იქ მოხდა სამწუხარო ფაქტი, როცა ბადრაგის ერთ-ერთი თანამშრომელი წინასწარი მონაცემებით, გულის შეტევით გარდაიცვალა“ - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ის პატიმრები, რომლებიც წესრიგს არ დაემორჩილნენ, გამოძიების დასრულების შემდეგ აუცილებლად აგებენ პასუხს. ამჟამად ისინი მე-8 საპყრობილეში არიან გადაყვანილნი. 
სუბარის განცხადებით, ინცინდენტის დროს ღუდუშაურის კლინიკაში დაზიანდა სამედიცინო აპარატურაც.
მინისტრი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












