გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ხვალ 115 პატიმარი დატოვებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტოში გამართულ პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგ სხდომაზე განხილული იქნა 400-მდე მსჯავრდებულის განცხადება, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ ადგილობრივი საბჭოების მიერ წინა თვეებში.
„ამ ეტაპზე, პრიორიტეტი მიენიჭათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულებს, მათ შორის აივ ინფექციით (შიდსი) და ტუბერკულოზით დაავადებულებს. რადგან სასჯელის გადავადების პროცედურა დროსთან არის დაკავშირებული, კომისიამ გადაწყვიტა, რომ მძიმე ავადმყოფებმა, რომლებსაც ეხებათ პირობით ვადამდე გათავისუფლება, დროულად დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულებები.
პრიორიტეტი მიენიჭათ ქალბატონებსაც და ასევე პირებს, რომლებიც არ იყვნენ გასამართლებული ძალადობრივი დანაშაულისთვის და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩენილი ჰქონდათ 6 თვემდე. ამასთანავე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკები.
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 115 მსჯავრდებული დატოვებს სასჯელაღსრულებს დაწესებულებებს, მათ შორის - 43 ქალი“ - ნათქვამის სამინისტროს განცხადებაში.
პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია და ადგილობრივი საბჭოები ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება, განიხილავს მსჯავრდებულთა განცხადებებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს .
 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












