პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებასა  და ნასამართლეობის მოხსნის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების შესახებ  სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ: 
„მიმდინარე თვეში პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის  საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ უპირატესობა მიანიჭა სოციალურად დაუცველ (არაუმეტეს 70 000 სარეიტინგო ქულა), მრავალშვილიან (3 და მეტი შვილი), ხანდაზმულ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირობით მსჯავრდებულებს, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებული პირებისა, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი და რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან. 
კომისიამ ხმათა უმრავლესობით, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით  დააკმაყოფილა 2755 პრობაციონერზე (მათ შორის 342 ქალი და 21 არასრულწლოვანი), პრობაციის ბიუროებიდან  შემოსული შუამდგომლობები,   პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე მოხსნისა და  ნასამართლეობის გაუქმების თაობაზე. 
სულ განხილული 2755 შუამდგომლობიდან, კრიტერიუმების მიხედვით რაოდენობრივად  დადგინდა შემდეგი თანაფარდობა: ხანდაზმული 416, სოციალურად დაუცველი 982, მძიმე ავადმყოფი 127, მრავალშვილიანი 169 პრობაციონერი და 1061 პირობით მსჯავრდებული, ვისაც საპრობაციო ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ქონდა 6 თვემდე ვადა.  
მიმდინარე თვეში, კომისიამ ასევე განიხილა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის მოთხოვნები, რომელთა განხილვისას კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა მსჯავრდებულებს, რომელთა უფლების ჩამორთმევის დღიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი, წარსულში ნასამართლეობის არმქონე პირებს, პირობითი მსჯავრის შემთხვევაში იმ პრობაციონერებს ვინც კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან.  
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით,  კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ჩამორთმეული უფლების აღდგენის 206 განაცხადზე.
კომისიის გადაწყვეტილებები 2 კვირის ვადაში დაეგზავნებათ ადრესატებს. 
პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის მუდმივმოქმედი კომისია აქტიურად განაგრძობს მუშაობას შემოსულ განცხადებებზე“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












