ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის თემა კომიტეტის მომავალი საქმიანობის პრიორიტეტები იყო.
ეკა ბესელიას განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტები სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობის რეფორმა, სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა, ბავშვთა უფლებები, გენედერული თანასწორობა, სამოქალაქო ინტეგრაცია და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა იქნება.
"ჩვენ რთულ პირობებში გვიხდება მუშაობა, მაგრამ ადამიანის უფლებები ისეთი მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ახალ ხელისუფლებას ყველაზე მეტი ძალისხმევა ამ მიმართულებით სჭირდება, რათა ადამიანის უფლებები დაცული იყოს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, თუ გასულ წლებში, წლის განმავლობაში კომიტეტში 2 000-მდე საჩივარი შედიოდა, მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში კომიტეტში უკვე 1 300 განცხადებაა შემოსული. "ეს იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებას დიდი იმედი და მოლოდინი აქვს და ჩვენს კომიტეტს დიდი სამუშოს შესრულება მოუწევს" - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ეკა ბესელიამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განუცხადა აგრეთვე რომ კომიტეტმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს დადგენილების პროექტი და სია, რომლითაც განისაზღვრა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირები ბოლო წლების განმავლობაში.
"ჩვენი კომიტეტი ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდა. ჩვენ სახელმძღვანელოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2012 წლის ოქტომბერში მიღებული N1900 რეზოლუცია ავიღეთ, რომელიც განსაზღვრავს კრიტერიუმებს რა ნიშნით უნდა მიენიჭოს პირს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ამ კრიტერიუმების მიხედვით მოხდა 184 პატიმრობაში მყოფი და 22 დევნილობაში მყოფი პირისთვის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსის განსაზღვრა" - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ შეასრულოს ყველა ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მან ასევე, "ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაწყებულია.

















