საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სფეროში გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა.
კომისიას ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრებოდნენ. კომისიის სხდომაზე ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ირაკლი ალასანიამ სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ნატოელ პარტნიორებს საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტები, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში გასატარებელი რეფორმები გააცნო.
„დავარწმუნეთ ჩვენი ნატოელი პარტნიორები, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველო ბევრად უფრო სტაბილური, ბევრად უფრო ძლიერი, პროგნოზირებადი და მათთვის სასურველი მოკავშირე გახდა. სხდომაზე ძალიან კონკრეტული საუბარი იყო, თუ რა იყო დემოკრატიის დეფიციტის კუთხით არჩევნებამდე და დღეს რა აქვს ახალ ხელისუფლებას გასაკეთებელი. გვქონდა ძალიან ღია მსჯელობა მიმდინარე მოვლენებზეც“- განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სხდომის დასრულების შემდეგ.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილიც ესწრებოდა.

















