”უფლებადამცველთა გაერთიანება” ”ქართულ ოცნებას” ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ საპარლამენტო არჩევნების წინ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სთხოვა პოზიცია დაეფიქსირებინათ ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების გადახედვასთან დაკავშირებით.
„ამას მხარი ,,ქართულმა ოცნებამაც’’ დაუჭირა, რაც ნოდარ ხადურის მიერ ,,უფლებადამცველთა გაერთიანებისადმი’’ გამოგზავნილ წერლშიც არის ასახული, მაგრამ ხელისუფლებაში მოსული ,,ქართული ოცნება’’ ყველაფერზე საუბრობს ამნისტიაზე, სასჯელთა შეკრებითობის გაუქმებაზე, უკანონო პატიმრების განთავისუფლებაზე, ხოლო ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებების გადახედვაზე კი ნაბიჯები არ იდგმება, არადა დღეს ათასობით უკანონოდ გასამართლებული ადამიანი ხელისუფლებისგან სწორედ ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს ელის“ - ნათქვამია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ განცხადებაში.
ორგანიზაცია ”ქართულ ოცნებას” მოუწოდებს ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულება შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანება საზოგადოების დიდ იმედგაცრუებას პროგნოზირებს.

















