საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გლდანის ციხეშია გადაყვანილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს იუსტიციიის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ოქრუაშვილი თავის ბიძასთან ერთად საზღვრის გადმოკვეთის დროს იქნა დაკავებული.
„ჩემი აზრით ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მან არა ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და იპოვოს სიმართლე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის პირობები, რა პირობებშიც ოქრუაშვილი წინა ხელისუფლების მიერ გაძევებული იყო ქვეყნიდან. რაც არ უნდა დამნაშავედ ყოფილიყო მიჩნეული, არავის არ აქვს უფლება თავისი მოქალაქე ძალით აიყვანოს, თვითმფრინავში ჩასვას და გააძევოს. ჩვენ ოქრუაშვილის მიმართ გვაქვს მთელი რიგი პროცედურები წამოწყებული. თქვენ იცით, რომ პარლამენტი მას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და იმის შესახებ რომ ოქრუაშვილი წინა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით იყო დევნილი, ნამსჯელი აქვს გერმანიისა და საფრანგეთის სასამართლოებს, რომლებმაც ის თავის დროზე პოლიტიკური დევნილის სტატუსით აღჭურვეს“- განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ის ეთანხმება პოზიციას იმის შესახებ, რომ ოქრუაშვილი წინა ხელისუფფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით იყო დევნილი, „თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოდ მივიჩნიოთ, ამას გამოძიება სჭირდება“ აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

















