საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ტატა ხუნწარიამ და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები.
სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა კი ტრადიციულად ჯილდოები იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს გადასცეს, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
ღონისძიებას, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა პარლამენტის მთავრობის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

















