ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში 2013 წლის დასაწყისში გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციითვე, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ კნუდ ბარტელსთან გამართა შეხვედრა. მხარეებს შორის დიალოგი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შედგა.
„შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. თუმცა, განხილვის მთავარი თემა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი იყო. მხარეთა გადაწყვეტილებით, ალიანსის მაღალი რანგის სამხედროები საქართველოს 2013 წლის პირველ ნახევარში ესტუმრებიან. სამხედრო კომიტეტის ვიზიტის დაგეგმვის პროცესი უკვე დაიწყო“ - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

















