ბრალდებულ ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძეს, 19 ახალგაზრდის მიმართ არადამიანურ მოპყრობაზე კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„2010 წლის 16 თებერვალს, გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა, იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს დილის ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს ღამის 2-3 საათზე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით , რომელიც იმ პერიოდში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, აღნიშნული პირები მათი დასჯის მიზნით ქალაქ თბილისიდან გადაიყვანეს სენაკის II ბრიგადის ტერიტორიაზე. ადგილზე ჩასულ სამხედროებს სხვა ჩასულ პირებთან ერთად დახვდა ბაჩანა ახალაია და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სარდალი გიორგი კალანდაძე. ახალაიამ გიორგი კალანდაძემ და სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ მოსამსახურეებს ორ ოცმეთაურთან ერთად მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ისინი ბაჩანა ახალაიას ბრძანებით გააშიშვლეს წელს ზემოთ და სიცივეში არბენინეს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, ასევე ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, დაუყენეს მათ გუშაგები, გამოურთეს გათბობა და ამ ვითარებაში ამყოფეს სამი ღამისა და ორი დღის განმავლობაში. ამ ქმედებით, ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის III ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ითვალისწინებს სასჯელს 7-10 წლამდე. ასევე 144 პრიმა ერთი მუხლის მეორე ნაწილის გ და დ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არის წამება, ითვალისწინებს სასჯელს 9-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გიორგი კალანდაძემ, რომელმაც სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის III ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არის უფლებამოსილების გადამეტება და ითვალისწინებს სასჯელს 5-8 წლამდე“ - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა ბრიფინგზე.
მისივე თქმით, პროკურატურამ სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა, რაზეც სასამართლო გადაწყვეტილება 24 საათიან ვადაში გამოიტანს.

















