საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია რეგიონებში მოღვაწე ადვოკატებთან ახალი გამოწვევების, პროექტების, რეფორმების შედეგების გაცნობის, პროფესიული ეთიკის და უნარჩვევების დანეგვის პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრებს იწყებს
როგორც „ნიუსპრესს“ ასოციაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პირველი გასვლითი შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართება, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი ზვიად კორძაძე და ეთიკის კომისიის წევრი ირაკლი კორძახია დაესწრებიან.
„კოლეგები ერთობლივად განიხილავენ ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო ჯგუფის მიერ მომზადებულ ცვლილებებს კანონში ,,ადვოკატთა შესახებ“, რაც გულისხმობს ადვოკატის ინსტიტუტის სამომალო განვითარებას, ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. მოისმენენ განგრძობადი იურიდიული განათლების ერთი წლის შედეგებს, რომელიც უზრუნველყოფს სავალდებულო წესით ადვოკატთა კორპუსის გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, სასწავლო ცენტრი ორგანიზებას უწევს ტრენინგებს პროფესიული ეთიკის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების და გასაჩივრების მექანიზმების, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის საკითხებში. უკვე გადამზადებულია 3000 ადვოკატი“ - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციაში.

















