არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2012 წლის 20 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება,
რომლის თანახმადაც, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების საქმის შესწავლის მიზნით, სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება და აღნიშნული დავების განხილვაში უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იქნება ჩართული.
ამ ინიციატივასტან დაკავშირებით, „სამართლიანი არჩევნები“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებული იმ პირების სიას მიაწვდის, რომლებიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2012 წელს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლა.
როგორც „სამართლიანი არჩევნებიდან“ „ნიუსპრესს“ აცნობეს, აღნიშნული სია არ მოიცავს ინფორმაციას იმ პედაგოგების შესახებ, რომლებიც უწყებათშორისი კომისიის ჩარევის შედეგად თანამდებობებზე აღდგენილ იქნენ.
„სამართლიანი არჩევნები“ იმედს გამოთქვამს, რომ კომისია ყურადღებით შეისწავლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულ პედაგოგებთან დაკავშირებულ გარემოებებსდა შესაბამისად, მათი გათავისუფლების პოლიტიკური მოტივის გამოკვეთის შემთხვევაში აღადგენენ პირვანდელ პოზიციაზე“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

















