პარტია „თავისუფალი საქართველო“ კანონპროექტს, რომელიც სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ისახავს მიზნად, მხარდაჭერას უცხადებს.
კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის.
„რამდენდაც მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებით გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე იგეგმება ე.წ. შეკრებითობის პრინციპის ჩანაცვლება შთანთქმის პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ მოსამართლეს აღარ ექნება ვალდებულება მსჯავრის დადებისას პირს შეუკრიბოს ყველა მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომა, რაც აქამდე ხდებოდა. ბუნებრივია, ცვლილების შემდეგ, ვინაიდან ის აუმჯობესებს მსჯავრდებულთა პირობებს, კანონს მიენიჭება უკუქცევის ძალა და პატიმრებს ექნებათ უფლება მიმართონ სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის თხოვნით. სავარაუდოა, რომ მრავალი ადამიანი, რომელსაც მსჯავრი გამოტანილი აქვს სწორედ შეკრებითობის პრინციპით, ამ ცვლილების და განაჩენის გადასინჯვის შემდეგ, დატოვებს საპატიმროს“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცვლილებები იგეგმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც. იუსტიციის სამინისტრო გეგმავს კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც გაზრდის დაზარალებულის უფლებებს. ასევე იგეგმება საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკის გადასინჯვაც.
როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ეს მხოლოდ დაგეგმილი ინიციატივების პირველი ეტაპია და მსგავსი ხასიათის ცვლილებების ინიცირება მომავალშიც იგეგმება.
„პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიესალმება და მხარს უჭერს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციას. ვიმედოვნებთ, ეს პოზიტიური კურსი მომავლშიც იქნება შენარჩუნებული, რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ „ნულოვანი ტოლერანტობის“ კურსის დასრულებას მოასწავებს“ - აღნისნულია განცხადებაში.

















