სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით თემაზე „პენიტენციული სისტემის მონიტორინგის ალტერნატიული მექანიზმები“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარიც დაესწრო.
„ჩვენი მიზანია აღარასოდეს დავუშვათ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა საქართველოს ციხეებში. საზოგადოებრივი კონტროლი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია“ - განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა შეხვედრის გახსნისას.
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის, ინიტა პაულოვიჩას განცხადებით კი, - „ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი აუცილებელია იმისთვის, რომ არსებული პრობლემები დროულად გამოვლინდეს, სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და საზოგადოების თვალში ციხის ლეგიტიმურობა გაიზარდოს. UNDP მზად არის იმუშაოს სამინისტროსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისთვის.“
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯელობა პენიტენციული სისტემის ალტერნატიული მონიტორინგის შესახებ მომავალშიც გაგრძელდება.

















