ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებეს ეხმიანება.
განცხადებებს „უპასუხისმგებლო და ცინიკურია, სასაცილო რომ არ იყოს", როცა ამ განცხადებას ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრი და დღეს უკვე საქართველოს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური შტაბის ხელმძღვანელი აკეთებს. პირადად მერაბიშვილი და წინა ხელისულების ხელმძღვანელი პირები ხომ უშუალოდ თვითონ თუ მათი ორგანიზებით მონაწილეობდნენ მრავალრიცხოვან დაპატიმრებებში თუ მკვლელობებში. მათ შორის სამუშაო კაბინეტებში ადამიანებს იჭერდნენ და კლავდნენ. ქუჩაშიც, შენობების სახურავებზეც და საკუთარ ოჯახებშიც მეუღლეების სარეცელში-საცვლებითა და უსაცვლოდ, შუაღამისას, გამთენიისას, დღისით თუ ღამით. ამ უკანასკნელების ქმედებებში დიდი განსხვავება დღევანდელ ხელისუფლებასთანაც კი ის არის, რომ ბევრ შემთხვევაში ადამიანების დაპატიმრებები და მკვლელობები მიზნად ისახავდა ძალადობას, უდანაშაულო მოქალაქეების დარბევას, დაშინებას და დაუსჯელობის სინდრომით ეიფორიაში მყოფი ჯალათების ანგარიშსწორებას საკუთარ ხალხთან“-აცხადებს ბიზნესმენი.
ბეგიაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილის კომენტარსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ სწორედ კუბლაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში, სამართალი ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა.
„ სწორედ მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყანაში, საერთოდ არ არსებობდა სამართალი. უშუალოდ კუბლაშვილი და მისი მოსამართლეები მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უმძიმეს დანაშაულობებში, მათ კისერზე უამრავი უსამართლობის მსხვერპლი და ცოდვაა“-აცხადებს ბეგიაშვილი.
ბიზნესმენი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის იურიდიული თუ ისტორიული შეფასება და საკუთარი ხალხის მიმართ მტრად ქცეული რეჟიმი დანაშაულებრივად გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების მეთოდს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა „კაკებეშნიკური“ უწოდა, ხოლო კონსტანტინე კუბლაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მათ მიმართ სამართლიან განაჩენს გამოიტანს.

















