2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველის სიმონ კილაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით „უფლებადამცველთა გაერთიანება“
ვანო მერაბიშვილისა და გიორგი არველაძის დასჯას, ასევე სიმონ კილაძის რეაბილიტაციას ითხოვს.
დაკავების დროს კილაძეს ბრალი ჯაშუშობაში და სამშობლოს ღალატში დასდეს.
„შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მითითებით, კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ჟღენტის მხრიდან სიმონ კილაძეზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც პირდაპირ დაემუქრა მას, რომ თუ იგი არ აღიარებდა დანაშაულს, მის შვილებს ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრებოდა. კილაძის მიმართ ბინძურ პროვოკაციაში მნიშვნელოვანი წვლილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემაც შეიტანა. საბოლოოდ, კილაძე იძულებული გახდა, ზეწოლისა და ოჯახის განადგურების თავიდან ასაცილებლად დანაშაული ეღიარებინა, რის შედეგად მას ერთწლიანი პატიმრობა და 5 წელი პირობითი მსჯავრი დაედო“ - განაცხადა „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ.
დღესვე, ორგანიზაციამ ყოფილ პატიმართან ერთად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმის გადახედვის მოთხოვნით განცხადება შეიტანა. საქმის გადახედვასთან ერთად ისინი ითხოვენ აგრეთვე, რომ დასჯილ იქნას საქმის დამკვეთი მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი. ასევე დაკვეთის უშუალო შემსრულებლები კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ჟღენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე.

















