თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმოქლაქო საქმეთა კოლეგიამ დღეს დავით ზილფიმიანის სარჩელი დააკმაყოფილა.
მოსარჩელე შ.პ.ს ”ტელეკომპანია I სტერეოს” 2012 წლის 18 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვდა..
მოსარჩელის განმარტებით პარტნიორთა კრება 2012 წლის 18 მაისს ვ.კობაიძემ ერთპიროვნულად ჩაატარა. მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ამავე პოზიციაზე საკუთარი თავის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული ასახულ იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2012 წლის 18 მაისით დათარიღებულ ამონაწერში.
როგორც „ნიუსპრესს“ სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სასამართლომ შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის მასალებზე დაყრდნობითა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლომ დავით ზილფიმიანი, როგორც 22%-იანი წილის მფლობელი, ვერ განიხილა ისეთ სუბიექტად, რომელსაც შეზღუდული აქვს უფლებები სამეწარმეო ურთიერთობებში და მიიჩნია რომ იგი, როგორც მცირე წილის მქონე პარტნიორი უფლობამოსილი იყო მიეღო კანონით დადგენილი მოწვევა პარტნიორთა საერთო კრების ჩატარების შესახებ და მასვე, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს მიეღო მასში მონაწილეობა.

















