საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცებს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი სამუშაო რეჟიმში გაეცნო ბაზაზე არსებულ სიტუაციას და ჯარისკაცების სამუშაო გარემოს.
ალასანიას თქმით სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადება თავდაცვის სამინისტროს ახალ ხედვაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
ირაკლი ალასანია მონიტორინგის ფარგლებში სამხედრო ნაწილებში არსებულ პრობლემებსაც შეისწავლის. მონიტორინგი კი საქართველოში არსებულ ყველა ბაზაზე ჩატარდება.
დღესვე თავდაცვის მინისტრმა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, მაიორი დიმიტრი კიკნაძე წარადგინა.
2006-2008 წლებში მაიორ კიკნაძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მეთაურიის თანამდებობა ეკავა.
ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

















