იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძეს დანაშაულის ჩადენაში ამხელენ, უახლოეს საათებში გახდება საჯარო.
ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. კბილაშვილისვე განცხადებით, ახალაიამ ერთ-ერთ სამხედროს დანის ტარი თავში ჩაარტყა.
მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ამის შემდეგ, ახალაიამ ეს სამხედროები ვაზიანში გადაიყვანა, სადაც ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
კბილაშვილის თქმით, ვინაიდან დაკავებული პირების მიმართ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში ამხელენ აღნიშნულ პირებს, უახლოეს საათებში გასაჯაროვდება.

















