სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალი მინისტრი სოზარ სუბარი მისადმი დაქვემდებარებულ უწყებაში უკვე მივიდა. 
როგორც სუბარმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, სამინისტროში ის 10:00 საათიდან იმყოფება და მუშაობს. 
 
ამასთან, ახლადდანიშნულმა მინისტრმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გლდანის საჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე  ე.წ კანონიერი ქურდი ერთ საკანში შეჰყავთ, ასევე, საკნებში შეაქვთ აკრძალული ნივთები, მათ შორის, ტელეფონები. 
სუბარი ეჭვობს, რომ ყოველივე ეს საბოტაჟის ნიშნებს ატარებს.
„ვიღაცას აქვს იმედი, რომ ამ ნივთების ამოღებას შეიძლება მოყვეს მღელვარება, ამბოხი და ა.შ, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ სისტემაში რღვევას შეიტანს“ - აღნიშნა მან. 
სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი უწყებაში საკადრო წმენდას არ აპირებს. როგორც ის აცხადებს, შეიცვლებიან მხოლოდ ხელმძღვანელი პირები, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც დანაშაულში შემჩნეულები არ არიან, სამსახურს შეინარჩუნებენ. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












