სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა დღეს თავისუფლების
შეზღუდვის დაწესებულების შენობა გახსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობა მსჯავრდებულის საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაზე, პროფესიულ გადამზადებაზე და მომავლის დაგეგმვისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაზე იქნება ორიენტირებული.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ის პირები განთავსდებიან, რომლებსაც სასამართლომ თავისუფლების შეზღუდვა შეუფარდა. ასევე, ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვლებათ.
დაწესებულების ტერიტორიის ფარგლებში, მსჯავრდებულებს ერთმანეთთან ურთიერთობისა და გადაადგილების უფლება შეზღუდული არ ექნებათ. გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნის უფლება ექნებათ, ხოლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა მიეცემათ.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულები სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო კურსებს გაივლიან, აქვე შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება.

















