საქართველოში ავტორიტეტული ქურდების ეპოქა დასრულებულია და ხელშეუხებელი მხოლოდ ქვეყანა და კანონი იქნება.
ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია სამ სტრუქტურულ ერთეულს დაეკისრება - კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტსა და ანტიტერორისტულ ცენტრს.
ღარიბაშვილის ცნობით, რეორგანიზაციას დაექვემდებარება კუდ-ი და სოდ-ი და გაუქმდება. სამინისტროში რეფორმებისა და განვითარების ბიურო შეიქმნება, რომელიც მსოფლიო სტანდარტების დანერგვის მიზნით, ამერიკასთან და ევროპულ ქვეყნებთან ითანამშრომლებს.
რაც შეეხება ე.წ კანონიერი ქურდების თემას, ღარიბაშვილის თქმით, მათ მიმართ ბრძოლა არ შეჩერდება და თუ ისინი საქართველოში ჩამოსვლას გაბედავენ, შესაბამის უწყებაში განათავსებენ.
„კრიმინალთან მაქსიმალურად შეურიგებელი ვიქნებით. კომპლექსურად ვიბრძოლებთ დანაშაულთან“ - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ კანონი უნდა დაიხვეწოს და ევროპულ ნორმებს მიუახლოვდეს.

















