კომპანია „თელასის“ სამგორის ბიზნესცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა ნინო ტივაძემ გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
როგორც „ნიუსპრესს“ ნინო ტივაძემ განუცხადა, კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს პროკურატურაში კოლექტიური განცხადების შეტანა უნდოდათ, თუმცა, იურისტების რჩევით, განცხადება მხოლოდ ტივაძის სახელზე შევიდა.
მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებული 125 თანამშრომელი პროკურატურისგან საქმის შესწავლას და სამსახურში აღდგენას მოითხოვს.
„სამსახურიდან უსამართლოდ გაგვათავისუფლეს. მოვითხოვთ გამოძიებას, რათა ჩვენი პროფესიონალიზმის შეფასება და სამსახურებში აღდგენა მოხდეს“ - განაცხადა ტივაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, დღეს კომპანიის მთავარი ოფისის წინ ყოფილი თანამშრომლები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ და „თელასის“ კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომას მოითხოვენ.
„თელასის“ ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მეორე კვირაა მართავენ. მათ განცხადებით, უკვე მიმართეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს და ახალ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვეს.

















