ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის - „ახალი ტალღის“ წინააღმდეგ მთავარი სხდომა გაიმართება. 
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადკოკატებიდან“ აცნობეს, მოსამართლემ გადაწყვეტილება კოლეჯის დირექტორის დავით მჭედლიშვილის მიერ 2012 წლის 19 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილების კანონიერებაზე უნდა გამოიტანოს, რომლის საფუძველზეც თანამდებობიდან გაათავისუფლეს კოლეჯის დირექტორის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. 
მათივე ცნობით, დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს. 
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით პირის არასაიმედოობის გამო მოხდა, რადგან თამარ კაიკაციშვილის ბიძა, ექსპერტი ვაჟა ბერიძე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. ასევე, გათავისუფლებულის ძმა არჩილ კაიკაციშვილი უფლებადაცვით სფეროში ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში თამარ კაიკაციშვილის საქმის განხილვა სექტემბრიდან მიმდინარეობს. 
საქმეს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უწყებათაშორისი კომისია, ადვოკატთა ასოციაცია, თავისუფალ პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი სწავლობენ. 
თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს, კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური ვერსიით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი მოსამზადებელი სხდომა 6 სექტემბრის გაიმართა. სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა და მთავარ სხდომამდე მორიგების პირობებზე შეთანხმება დაავალა, თუმცა მორიგების წესით, საქმის დასრულებაზე, 12 სექტემბერს მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა. საქმეზე უკვე მოსამართლე მესამედ შეიცვალა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება და მას რეგიონის უფლებადაცვითი სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები, ჟურნალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრებიან.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












