არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ ახალ ხელისუფლებას ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძისთვის მისი კუთვნილი კომპანიის - „ელიტ ელექტრონიქსის“ ჩამორთმევის    
ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას სთხოვს.
ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მჟავანაძის განმარტებით, სააკაშვილის ხელისუფლებამ ქოქოლაძის წინააღმდეგ ბრძოლა 2007 წლიდან დაიწყო, ვინაიდან ის „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბის ბიზნესმენი არ გახდა და მხოლოდ ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტებს აფინანსებდა.
მჟავანაძის განცხადებით, ამის გამო, „ელიტ ელექტრონიქსში’’ საგადასახადო სამსახური შევიდა და კომპანიას აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით 14 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გასაჩივრების  შემდეგ, ჯარიმის თანხა 7 მლნ-მდე  ჩამოვიდა.
მჟავანაძე განმარტავს, რომ ბიზნესმენის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, საბოლოოდ კომპანია ,,თიბისი’’ ბანკის მფლობელობაში გადავიდა,  ქოქოლაძე კი - დააპატიმრეს.
უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად ბიზნესმენისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეში, ერთ-ერთი კერძო კომპანიაც მონაწილეობდა, თუმცა, მისი დასახელებისგან თავს იკავებს. 
უფლებადამცველთა გაერთიანების  თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შეიქმნა გარემო, როცა მსგავსი უკანონობების გამოძიება შესაძლებელია. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












