საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის „გაკეთილშობილებას და გაადამიანურებას“ დამოუკიდებელი სასამართლოთი გეგმავს.
ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი დღეს არსებული შინაარსით ძალადობისა და ღირსების აყრის მექანიზმია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის თავისთავად უვარგისია.
„თუ იარაღი ადამიანის დაცვას და კეთილშობილურ მიზანს ემსახურება, ის დასაშვებია, მაგრამ თუ მისი გამოყენებით ადამიანებზე ძალადობა ხდება- ის მიუღებელია. დაახლოებით, ასეთი მდგომარეობაა საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშორებითაც“-აღნიშნა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის თქმით, საპროცესო შეთანხმება იარსებებს, მაგრამ მის უკან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა იდგება.
„თუკი ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, პროკურორი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს და მათი პოზიციების შეჯერება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება ვერ ხერხდება, უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, სადაც ორივე მხარე თავისი პოზიციის დამტკიცებას შეეცდება. დღემდე ეს ბაზისი იყო გამოცლილი. დღეს თუ ბრალდებული ხელს არ მოაწერდა საპროცესო შეთანხმებას, გავიდოდა სასამართლო განხილვაზე და გარანტირებულად წააგებდა, უმკაცრესი სასჯელით. ამიტომ პირი იძულებული იყო, საპროცესო შეთანხმებაზე წასულიყო. ეს აღმოსაფხვრელია“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ აშშ-ში ბრალდებულების 50%, რომელიც საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს, სასამართლოს იგებს.
ამასთან, პროკურორობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია, რომელი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მისივე თქმით, შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა არ იმუშაოს.
„დღეს საპროცესო შეთანხმების არსი ისაა, რომ ბრალდებული ფულს გადაიხდის და წავა სახლში. გადასახდელ თანხაზე არავითარი რეგლამენტაცია არ არის“-აღნიშნა კბილაშვილმა და დასძინა, რომ გადასახდელი თანხის ოდენობა მხოლოდ ერთი კაცის - იუსტიციის მინისტრის შეხედულებაზე იყო დამოკიდებული.
მისივე თქმით, ჯარიმის ზედა ზღვარის განსაზღვრაზე მკაცრი კრიტერიუმის დაწესება იგეგმება.
კბილაშვილის განმარტებით, ასევე, იგეგმება პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია. მისი თქმით, საამისოდ პირველი ნაბიჯი სასამართლო ხელისუფლებაზე პროკურატურის დიქტატის მოსპობა იქნება.
„დღევანდელი სტატისტიკით სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენებიდან 99,98% გამამტყუნებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალი უბრალოდ არ არსებოს და სასამართლო პროკურატურის დიქტატის ქვეშაა. ეს აღმოიფხვრება“- განაცხადა მან.
კბილაშვილის თქმით, ლიბერალიზაციის მხრივ წინგადაგმული ნაბიჯი იქნება ასევე სასამართლოზე ბრალდებისა და დაცვის მხარის თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება.
„წესით, სასამართლო პროცესის წინ სასტარტო პოზიცია არა 50/50, არამედ 100/0 უნდა იყოს დაცვის მხარის სასარგებლოდ, ვინაიდან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომლითაც ყოველი ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ სასამართლო მის დანაშაულს არ დაამტკიცებს. ჩვენ ამ ტენდენციას დავუჭერთ მხარს“-განაცხადა მან.
კბილაშვილის თქმით, გადაიხედება სასჯელის შეკრებითობის პრინციპიც და სასამართლოს მიეცემა დისკრეცია - კონკრეტულ შემთხვევაში ან შეკრებითობობის ან შთანთქმის პრინციპი გამოიყენოს.
გარდა ამისა, ლიბერალიზაციის მიმართულებითად კბილაშვილი მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს გენერალურ პროკურორთან ცალკე დეპარტამენტის ჩამოყალიბებას, რომელიც უფლებამოსილი იქნება, უკვე კანონიერ ძალაში შესული განაჩენები, რომელთა გადასინჯვის მექანიზმი ამოწურული იყო, ხელმეორედ განიხილოს.
„ეს დეპატრამენტი განიხილავს იმ პირთან საჩივრებს, ვისაც მიაჩნია, რომ უკანონი განაჩენის მსხვერპლი გახდა“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ საუბარი წლების წინ გამოტანილ განაჩენებსაც ეხება.

















