სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა იმ პირთა
სია დაამტკიცა, რომელთაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭათ. ბრძანება ძალაშია 2013 წლის 31 იანვრამდე.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამუშაო და არასამუშაო საათებში შესვლის უფლება 51-მა პირმა მიიღო.
კერძოდ, ამ პირებს დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის და თავისუფლებააღკვეთილ პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.
„ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ის დაუბრკოლებლად შეუშვას დაწესებულებაში“ - განაცხადა დღეს ტუღუშმა
უფლებამოსილ პირებს შორის არიან: გაეროს ბავშთა ფონდის, თავისუფლების ინსტიტუტის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, „დედათა კომიტეტის“, რეგიონული მედიის ასოციაციის, სტუდენტური ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918“-ს, ადვოკატთა ასოციაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის, ციხის საერთაშორისო რეფორმის, გაეროს ასოციაციისა და სხვა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.

















