კომპანია „ორთაჭალენერჯი“ ორთაჭალჰესის საკუთრებაში დაბრუნებას მოითხოვს. როგორც დღეს კომპანიის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ
განაცხადა, 2008 წელს ორთაჭალჰესი სახელმწიფომ და კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა მესაკუთრეებს კორუფციული გარიგების შედეგად წაართვეს.
„ეს იყო ფიქტიური გარიგება, რის შედეგადაც მესაკუთრეს ქონება კომპანია „ენერგოპრო-ჯორჯიას“ გამოყენებით წაართვეს. ჰესის გაყიდვის შესახებ მიღებული 25 მლნ დოლარის დიდი ნაწილი ბიუჯეტში არ შესულა“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისი განმარტებით, კომპანია „ორთაჭალენერჯის“ ორათაჭალჰესი გრძელვადიანი იჯარით, მესაკუთრის უფლებებით ჰქონდა აღებული. ჰესი კომპანიას ჩამოართვეს და შემდეგ 25 მლნ აშშ დოლარად „ენერგოპრო-ჯორჯიას“ გადასცეს.
ადვოკატის თქმით, კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს ისიც, რომ აღნიშნული თანახა სამჯერ აღემატება ჰესის რეალურ ღირებულებას.
„ყოფილმა თანამდებობის პირებმა ეს პროცესი აუქციონის სახით შეფუთეს, თუმცა, სად წავიდა ეს ფული, ამას გამოძიება დაადგენს“ - განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი განცხადებები წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროსა და „ენერგოპრო-ჯორჯიაში“, რამდენიმე დღეში კი, განცხადება და მტკიცებულებები პროკურატურას წარედგინება.
მისი თქმით, „ორთაჭალჰესის“ ჩამორთმევის საქმე სტრასბურგის სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია.

















