პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის დღევანდელ განცხადებას ცინიზმის გამოვლინებად აფასებს.
„ცინიკური და სამარცხვინოა იმ სასამართლოს თავმჯდომარისაგან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი, რომელიც წლების მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებდა და ქართული მართლმსაჯულება მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანად აქცია“ - აღნიშნავენ პარტიაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ აცხადებს, რომ ბოლო წლების მანძილზე, კუბლაშვილის სასამართლომ საკუთარი უსამართლო, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ათასობით ადამიანი უდანაშაულოდ გამოამწყვდია საპატიმროებში, სადაც მათ დიდ ნაწილს სასტიკად აწამებდნენ.
„სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეებს არ მოუსმენიათ ბატონი კუბლაშვილისგან ასეთი შეშფოთება და არც მის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები უნახავთ მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესებზე პროკურორებისგან მოსამართლეები ტელეფონით იღებდნენ დირექტივებს და მხოლოდ პროკურორების მოთხოვნებს იზიარებდნენ“ - აღნიშნავენ პარტიაში.
„დემოკრატიულ მოძრაობას“ იმედი აქვს, რომ უმოკლეს ვადაში ქვეყანაში რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო შეიქმნება, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების გარეშე, სამართლიანად გაასამართლებს ყველა იმ უმაღლესი თანამდებობის პირს, რომლებსაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი, „მათ შორის, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს დღევანდელ თავმჯდომარესაც“.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სასამართლოს მიმართ გარკვეული პოლიტიკური ძალის მხრიდან მუქარას აქვს ადგილი. მისი განცხადებით, დღეს დილით „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაარღვია მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის შესახებ კანონი, როდესაც მივიდა მოსამართლესთან სახლში და კონკრეტულ საარჩევნო დავაზე ესაუბრა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემა არანაირად არაა დაკავშირებული და არ ჩაერევა პოლიტიკურ ცვლილებებში და ყველამ უნდა იცოდეს, რომ სასამართლო მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.

















