უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სამი მომჩივანი სუბიექტის სახელით - „სახალხო კრება“, ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე საჩივარი შეიტანა.
მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე და ჟურნალისტი. აქციის მონაწილენი იყვნენ „სახალხო კრების“ წევრები და მხარდამჭერები. ამ პირთა დევნა კი, განპირობებული იყო მათი პოლიტიკური შეხედულებებით და ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მიმართ ოპოზიციური განწყობით.
საჩივრის ავტორები - „სახალხო კრება“, ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე ასაჩივრებენ სამივე მომჩივანის მიმართ ევრკონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას - მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა მე-6 მუხლი(სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება), მე-6 მუხლი მე-13 მუხლთან მიმართებით (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), მე-8 მუხლი(პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება)და მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (დისკრიმინაციის დაუშვებულობა).
„სახალხო კრებასთან” ერთად, ბურჯანაძე და ბიწაძე გახდნენ საკუთარი ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებების გამო ევროკონვენციით დაცულ უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი. მათი დევნა და მათ მიმართ ჩადენილი დარღვევები გამოწვეული იყო კონკრეტულად ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ოპოზიციაში გადასვლით, რასაც მისი მეუღლის დაუსწრებელი მსჯავრდება მოჰყვა 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით“ - ნათქვამია განცხადებაში.

















