საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. დამკვირვებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აშკარაა, რომ ქვეყნის მასშტაბით ადგილი აქვს სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიასთან პოლიტიკური პარტიების აქტივისტების შეკრებას, რომლებიც ზოგჯერ აგრესიულობით გამოირჩევიან. კონკრეტულად, უბნების გაბათილებისა და გადათვლის მოთხოვნებით აქციები იმართება მარტვილის, სენაკის, თერჯოლის, ამბროლაურის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახალქალაქის, ახალციხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიის სამომავლო პიკეტირების თაობაზე.
ამასთან, ორგანიზაციების ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტს იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციის წითელი ლოგო პარტიის აქტივისტის მიერ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან იქნა ასოცირებული.
„მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების შედეგების დათვლა და კანონდარღვევებზე ადეკვატური რეაგირება, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდონ საკუთარ აქტივისტებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობებთან შეკრებებისგან, რადგანაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავები მხოლოდ სამართლებრივი გზით უნდა წარიმართოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მხარეებს მოუწოდებენ დავების გადასაჭრელად მიმართონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს. ასევე, საარჩევნო პროცედურების დარღვევის კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მიაწოდონ იგი აღნიშნულ ორგანიზაციებს,
„ვფიქრობთ, ორივე მხარის ადეკვატური რეაგირების პირობებში შესაძლებელია საოლქო კომისიებთან სიტუაციის განმუხტვა, მითუმეტეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევებში, დაფიქსირებული მძიმე დარღვევების საფუძველზე გარკვეული უბნების შედეგები გააუქმოს, რაც სიღნაღის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. აღნიშნული ქმედებებისგან თავის შეკავება პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დამატებითი გაღიზიანების საფუძველი შეიძლება გახდეს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და მიუკერძოებლად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია როგორც კენჭისყრის დღის, ასევე, მისი შემდგომი პერიოდის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

















