პატიმრობაში მყოფი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას წელიწადსა და 10 თვეში დატოვებს.
როგორც „ნიუსპრესს“ გიორგი დემეტრაძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა, დემეტრაძე საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა, რის შედეგადაც, 28 აგვისტოს მდგომარეობით, მისი სასჯელი განახევრდა.
მისი თქმით, არც დემეტრაძეს და არც მისი ოჯახის წევრებს პრეზიდენტისთვის შეწყალების შესახებ განცხადებით არ მიუმართავს.
„28 აგვისტოსთვის მას მოსახდელი 4 წელი ჰქონდა, რომელიც გაუნახევრდა და 2 წელი დარჩა. დღეის მდგომარეობით, ის საპატიმროში წელიწადსა და 10 თვეს გაატარებს“ - განაცხადა ფხალაძემ და დასძინა, რომ დემეტრაძისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სიურპრიზი იყო.
გიორგი დემეტრაძე ამ დრომდე რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
„მისი მდგომარეობა ნორმალურია. დაწესებულებაში თავს თავისუფლად გრძნობს. ვარჯიშობს და პირობებს ნამდვილად არ უჩივის“ - აღნიშნა ფხალაძემ.
გიორგი დემეტრაძე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2010 წლის 7 ივლისს დააკავეს. მას სასჯელის სახით 6 წელი ჰქონდა მისჯილი. დემეტრაძე დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის რამდენიმე ქალი იყო.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა 23 აგვისტოს გაიმართა. კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა. მათ შორის, 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანი იყო.

















