კოალიცია “ქართული ოცნება“ მისი დაცვის თანამშრომლის 17 წლის შვილის სასტიკი ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს.
როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის დაცვის თანამშრომლის შვილი დავით ცისკარიშვილი, გუშინ 141-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა მანქანაში ძალით ჩასვეს და კუკიის სასაფლაოს ტერიტორიაზე გაიტაცეს, სადაც მას სასტიკად გაუსწორდნენ.
„სცემეს ხელკეტებით და დაემუქრნენ, რომ თუ ნორმალურად არ მოიქცეოდა ოჯახს ამოუწყვეტდნენ, ხოლო როდესაც ბავშვი მიწაზე უგონოდ დაეცა მას ხელებზე მანქანით გადაუარეს“-განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ცისკარიშვილმა შემთხვევითი გამვლელის დახმარებით „ქართული ოცნების“ ოფისამდე მისვლა შეძლო.
კოალიციის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მოზარდი ამჟამად მძიმე ტრამვებით საავადმყოფოში იმყოფება.
„ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ფაქტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას, ასევე საერთაშორისო დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უკვე აცნობა.
კოალიცია სამართალდამცავებს აღნიშნული ფაქტის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდებს.

















