თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ცესკო-ს მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე მხარე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ემზარ პაქსაძე, „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“, „საქართვლოს მედია-კლუბი“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ იყო. ისინი ცესკო-ს 24 სექტემბრის დადგენილების ნაწილობრივ არარად აღიარებას და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. ცესკო-ს აღნიშნული დადგენილება კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მედიისა და დამკვირვებლების მიერ ფოტო და ვიდეო გადაღების უფლებას ნაწილობრივ ზღუდავს.
როგორც საქალაქო სასამართლო განმარტავს, არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ დაუსაბუთებლად შეიზღუდა საარჩევნო კოდექსით დადგენილი ის უფლებები, რომლითაც დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს, ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან.
ცესკო-მ კი განმარტა, რომ გასაჩივრებული დადგენილებით განისაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, რითაც არ იზღუდება ფოტო/ვიდეო გადაღება კენჭისყრის დღეს.
„სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამასთან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იყო დადგენილებით განესაზღვრა საარჩევნო პროცედურის ხელის შეშლის გარეშე ფოტო/ვიდეო გადაღების წარმოების წესი“-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით, გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 დღის ვადაშია შესაძლებელი.

















