თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი მიიჩნევს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანის მიერ ციხეებში ჩადენილმა სისასტიკემ წლების განმავლობაში ნაშენები საქმე „ლამის წყალში ჩაყარა“.
ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს სხდომაზე განაცხადა.
„ეს თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება იყო. ის, რასაც განსხვავებული შეხედულების ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში ერთად ვაკეთებდით, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ლამის წყალში ჩაგვიყარა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არასდროს განმეორდება“ - განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ამის გარანტი თითოეული მოქალაქე უნდა იყოს.
სიმშვიდისა და პროგრესის შესანარჩუნებლად ზაალ სამადაშვილმა თბილისის კურთხევას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
„თბილისის კურთხევა სწორედ იმას უკავშირდება, რომ დედაქალაქში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“ - განაცხადა თავმჯდომარემ.
მან თბილისის კურთხევისთვის უმწინდესს და უნეტარესს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა.

















