სახალხო დამცველი პროკურატურას მიმართავს, შეისწავლოს და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ჟურნალისტ ირმა კიტრიაშვილის უფლებების დაცვის მიზნით.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპრატიდან აცნობეს, 2012 წლის 26 სექტემბერს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის ირმა კიტრიაშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2012 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ირმა კიტრიაშვილს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს.
ახსნა-განმარტების თანახმად, 2012 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე ირმა კიტრიაშვილი, პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში იმყოფებოდა. იგი სოფლის საკრებულოს შენობის უკან მდებარე საწყობში სხვადასხვა სახის პროდუქტის უფასოდ დარიგების პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღებას ახდენდა.
ახსნა-განმარტების თანახმად, ადგილზე იმყოფებოდა სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გია იანვარაშვილი. მან ჟურნალისტს რამდენჯერმე მოსთხოვა იქაურობის დატოვება. სოფლის მოსახლეობის ჩაწერის დროს, გია იანვარაშვილმა ჟურნალისტს ფოტოაპარატი წაართვა და საწყობიდან იძულებით გაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ირმა კიტრიაშვილმა აპარატი დაიბრუნა, გადაღებული მასალა ჭიდილის დროს განადგურდა.
„ვინაიდან, ჩვენს ხელთ არსებულ ახსნა-განმარტებასა და მედია საშუალებებით გავრცელებულ მასალაში მითითებული გარემოებანი შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მივმართავთ მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ირმა კიტრიაშვილის უფლებების დაცვის მიზნით“- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

















