კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებს, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერებად
მოხსენებული პირები ერთმანეთს ლანძღავენ, აბსოლუტურ სისულელეს და ფაბრიკაციას უწოდებს.
როგორც ფანჯიკიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, კოალიციისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ხელისუფლება მსგავს რამეს ამზადებდა.
„რაც მთავარია, სრულიად გამორიცხული ამბავია სურმავას ნათქვამი, რომ მას ვინმეს მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. ეს სრული აბსურდია“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
პრესსპიკერი განმარტავს, რომ რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის ვიდეო ფაბრიკაციის გაკეთება სრულიად შესაძლებელია, ამდენად, აუდიოფაბრიკაცის შექმნა ბევრად უფრო მარტივია.
„აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გამოვრიცხავ ამ ჩანაწერების ავთენტურობას“ - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ბესო სურმავას, რომელმაც ჩანაწერები გამოაქვეყნა, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის დაცვაში ბევრი ადამიანია და ყველას არ იცნობს, თუმცა, სურმავა სახეზე ეცნობა, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ის ნამდვილად კოალიციის ლიდერის დაცვის წევრი იყოს.
ბესო სურმავამ, რომელიც აცხადებს, რომ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრია, აუდიო ჩანაწერები youtube.com-ზე გაავრცელა.
სურმავამ ინტერნეტსივრცეში საკუთარი მიმართვაც გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, საზოგადოებამ კოალიციის შესახებ სიმართლე უნდა იცოდეს.
სურმავა ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების სამსახურს პირადად ივანიშვილისგან ჰქონდა დავალებული კოალიციის ლიდერების საუბრებისთვის თვალყური ედევნებინა და აუდიოჩანაწერები გაეკეთებინა.

















